English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ მურთაზ კვირკვაია მოგელი შენგელია
დასაქმების ახალი ფორმები შრომის ბაზარზე

ანოტაცია: ნაშრომში განხილულია დასაქმების ახალი ფორმები, რომლებსაც საფუძველითანამედროვე შრომის ბაზრებზე ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ჩაუყარა. მოკლედ არის გაანალიზებული საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა. ახსნილია ციფრული სამუშაო პლატფორმების არსი. ხაზგასმულია, რომ ციფრული სამუშაო პლატფორმების განვითარება და პლატფორმების ფარგლებში მუშაობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც დასაქმების ახალი ფორმა, არატრადიციული მიდგომა შრომის ბაზარზე, რომელსაც გააჩნია თავისი უპირატესობები და გამოწვევები. 

საკვანძო სიტყვები: ციფრული სამუშაო პლატფორმა; ონლაინ სამუშაო პლატფორმა; დასაქმების ახალი ფორმები; არაეფექტიანი დასაქმება; დასაქმებულის სტატუსი. 

შესავალი

უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტა მუდმივ ძალისხმევას და ახალი ეფექტიანი მიდგომების გამოვლენას მოითხოვს. საქართველოს სხვადასხვა მთავრობების ძალისხმევა, შეამცირონ უმუშევრობის დონე და გააუმჯობესონ შრომის ბაზრის კონიუნქტურა, ხშირად სათანადო შედეგებს ვერ იძლევა. უმუშევრობის მუდმივად მაღალი დონე და არაეფექტიანი დასაქმების მაჩვენებლები შრომის ბაზარზე დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. ნაშრომის მიზანია, განვიხილოთ და შევაფასოთ ის ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც იძლევა  თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები შრომის ბაზარზე მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ნაშრომში ბოლო წლებში განხორციელებული კვლევების შესწავლის საფუძველზე, წარმოდგენილია დასაქმების ახალი ფორმების მახასიათებლები. მოკლედ არის შეჯამებული და გადმოცემული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებები, რომლებიც ციფრულ ტექნოლოგიებს და კონკრეტულ სამუშაო პლატფორმებს ეხება.

ცხადია, ნებისმიერი ახალი მიმართულება უმუშევრობის და არაეფექტიანი დასაქმების გადასაწყვეტად უნდა დაეყრდნოს შრომის  ბაზრის ანალიზს, კერძოდ,  მოსახლეობის დასაქმების და უმუშევრობის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლასა და ობიექტურ შეფასებას. 

საქართველოში უმუშევრობის და დასაქმების მდგომარეობის ანალიზი 

საქართველოში უმუშევრობის და დასაქმების მდგომარეობის შესაფასებლად გარკვეულ წარმოდგენას იძლევა ოფიციალური მონაცემების ანალიზი, რომელსაც აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [19][1]. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ეფუძნება სამუშაო ძალის სტატისტიკის კონკრეტულ მეთოდოლოგიას, რომელიც პერიოდულ კორექტირებას განიცდის და შესაბამისად, იწვევს დასაქმების, უმუშევრობის და სამუშაო ძალის შესახებ მონაცემების ცვლილებას[2]. მაგალითად, ძველი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგად, 2016 წელს საქართველოში უმუშევრობა იყო 14.0 პროცენტი, ხოლო ახალი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგად, იმავე წელს იყო 21.7 პროცენტი. ანალოგიურად, შემდგომ წლებშიც მინიმუმ 7 პროცენტიანი სხვაობაა უმუშევრობის დონეებს შორის ძველი და ახალი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის დონე[3] გამოყენებულ მეთოდოლოგიაზე არის დამოკიდებული, ოფიციალური მონაცემების ანალიზი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის უმუშევრობისა და დასაქმების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ. კერძოდ, შრომის ბაზრის ახალი მეთოდოლოგიით განხორციელებული კვლევის მიხედვით, 2021 წელს უმუშევრობის დონემ 20.6 პროცენტი შეადგინა. 2010-2021 წლების ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მაქსიმალური უმუშევრობის დონე ფიქსირდება 2010 წელს (27.2 პროცენტი), ხოლო უმუშევრობის მინიმალური დონე (17.6 პროცენტი) ემთხვევა 2019 წელს COVID-19 პანდემიის დაწყების წინაპერიოდს (იხ. ცხრილი). გარკვეული ცვლილებები არის უმუშევართა[4] რაოდენობაშიც, მაგრამ საშუალოდ 300 ათასი უმუშევარი საქართველოსთვის საკმაოდ მაღალი რიცხვია და მრავალ ნეგატიურ სოციალურ პრობლემას წარმოქმნის, რომელიც ცალკე განხილვის თემაა.

შრომის ბაზრის ახალი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა თვითდასაქმებულთა რიცხვი და ქვემოთ ცხრილში წარმოდგენილი მონაცემები შედარებით რეალურ მდგომარეობას ასახავს თვითდასაქმების შესახებ, თუმცა მათი რიცხვი ისევ საკმაოდ დიდია (დაახლოებით 400 ათასი). სავარაუდოდ, თვითდასაქმებულთა ნაწილი კვლავ არ წარმოადგენს რეალურად დასაქმებულებს ან, უკეთეს შემთხვევაში, მიეკუთვნებიან არაეფექტიან დასაქმებულებს. ზოგადად, საქართველოში დასაქმების არაეფექტიანობაზე მიუთითებს დასაქმებულთა განაწილება ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით[5], რომლის თანახმად, დასაქმებულთა თითქმის მეხუთედი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, სადაც დაბალია ხელფასები, შრომის მწარმოებლურობა და შემოსავლები. 

ცხრილი №1

სამუშაო ძალის მაჩვენებლები

 

2010

2012

2014

2016

2017

2018

2019

2020

2021

სამუშაო ძალა

1603.8

1654.7

1629.0

1653.8

1641.4

1605.2

1572.8

1523.7

1533.6

დასაქმებული

1167.6

1212.2

1255.0

1294.5

1286.9

1296.2

1295.9

1241.8

1217.4

დაქირავებული

710.0

759.4

795.5

853.9

869.3

903.5

897.5

845.3

829.4

თვითდასაქმებული

455.2

445.2

453.0

434.4

416.8

392.2

397.9

395.9

387.1

უმუშევარი

436.2

442.5

374.0

359.2

354.5

309.0

276.9

281.9

316.2

უმუშევრობის დონე, პროცენტი

27.2

26.7

23.0

21.7

21.6

19.2

17.6

18.5

20.6

 წყარო: ცხრილი შედგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით. 

არაეფექტიანი დასაქმების ერთ-ერთ მაჩვენებლად შეიძლება მივიჩნიოთ დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება. ოფიციალური მონაცემებით,  საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის დონის გარკვეული ზრდა ფიქსირდება და 2022 წლის მესამე კვარტალში (წინასწარი მონაცემების მიხედვით) 1595.0 ლარი შეადგინა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ქართული ლარის აშშ დოლართან მიმართებით საშუალო კურსს[6] 2022 წლის მესამე კვარტლისთვის,  საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის დონე 600 აშშ დოლარზე ნაკლებია. მნიშვნელოვანი განსხვავებაა საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასებს შორის ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით. მაგალითად, 2021 წელს განათლების სფეროში საშუალო თვიური ნომინალური შრომის ანაზღაურება შეადგენდა მხოლოდ 834.9 ლარს, ხოლო იგივე მაჩვენებელი სოფლის მეურნეობაში შეადგენდა 950.3 ლარს.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების ანალიზიდან გამომდინარე, უმუშევრობის დონის დაახლოებით (საშუალოდ) 20 პროცენტიანი მაჩვენებელი, თვითდასაქმებულთა რიცხოვნობის მაღალი მაჩვენებელი, არაეფექტიანი დასაქმების ზოგადი მაჩვენებლები მიუთითებენ საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემების სიმწვავეზე. აღნიშნული პრობლემები არ არის ახალი საქართველოსთვის და ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე მუდმივი განხილვის საგანს წარმოადგენს. შესაბამისად, ადრე გამოყენებული ტრადიციული მიდგომებისგან განსხვავებით, აუცილებელი და აქტუალურია დასაქმების ახლებური  ფორმების და მიდგომების მოძიება და შესწავლა. 

ციფრული სამუშაო პლატფორმები 

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. ცვლილებებმა ასახვა ჰპოვა ეკონომიკის დარგებზე და შრომის ბაზრებზე, სადაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ ადაპტაცია. საერთაშორისო ორგანიზაციები, ცალკეული მკვლევარები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო დაწესებულებები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ თანამედროვე შრომის ბაზარზე არსებულ ციფრულ სამუშაო პლატფორმებს. სამეცნიერო ლიტერატურაში ციფრული სამუშაო პლატფორმები განიხილება როგორც დასაქმების ახალი ფორმები და ახალი შესაძლებლობები  სამუშაო ძალისთვის, რომელიც იქმნება ციფრული ტექნოლოგიებში მიღწეული პროგრესის შედეგად.

თანამედროვე შრომის ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებს და ციფრულ სამუშაო პლატფორმებზე მნიშვნელოვანი კვლევები და მოხსენებები გამოაქვეყნდა ბოლო წლებში შემდეგი ორგანიზაციების მიერ: შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (International Labour Organization, 2021)[7]; ევროპის ტრენინგების ფონდი (European Training Foundation, 2021)[8]; მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (World Economic Forum, 2020)[9]; ევროფონდი (Eurofound, 2018)[10]; ევროკომისია (European Commission, 2021)[11] და ა.შ. ასევე, აღნიშნულ საკითხებს  ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომები მიუძღვნეს ისეთმა მკვლევარებმა, როგორებიც არიან:  ჯონსტონი, ერგანი და შჩენი (Johnston….2022)[12];  ვალასი და შორი (Vallas...2020)[13]; ჰოუსონი, ფერრარი, გრაჰამი, უსტეკ-სპილდა (Howson....2022)[14]; ფარელი და გრეიგი (Farrell...2016)[15]; ჩაუდარი (Choudary 2016)[16]; ჩერნიხი (Chernykh 2021)[17]; მანდლი, კურტარელი, რისო, ვარგასი და გეროგიანისი (Mandl.... 2015)[18]და ა.შ.

ციფრულ სამუშაო პლატფორმებთან დაკავშირებული ლიტერატურის,  მოხსენებების და სამეცნიერო ნაშრომების გაცნობის საფუძველზე შეიძლება გამოვყოთ გარკვეული საერთო მიდგომები და მახასიათებლები, რომლებიც კარგად წარმოაჩენს ციფრული სამუშაო პლატფორმების არსს. კერძოდ, ციფრული სამუშაო პლატფორმები წარმოადგენენ თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ შუამავლებს შრომის ბაზარზე. პლატფორმის საშუალებით შრომის მიწოდების და მოთხოვნის დაკავშირება ეფუძნება გარკვეულ ალგორითმულ მენეჯმენტს. ციფრული სამუშაო პლატფორმების შემქმნელების მიზანი, როგორც წესი, მოგების მიღებაა. ციფრული სამუშაო პლატფორმები ოპერირების სხვადასხვა ბიზნეს მოდელებს იყენებენ. მოდელზე დამოკიდებულებით პლატფორმის შემოსავლები მიიღება მიწოდების ან მოთხოვნის მხარის მომსახურებისთვის (ფიქსირებული ან მომსახურების ღირებულებაზე დამოკიდებული) ან ორივე მხარის მიერ მომსახურებისთვის გადახდილი გადასახადებისგან.

ციფრული სამუშაო პლატფორმები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად, პირველი არის ონლაინ ციფრული სამუშაო პლატფორმები, სადაც მომუშავეები სამუშაოებს (ამოცანებს) ასრულებენ ონლაინ და დისტანციურად. ასეთ სამუშაოებს მიეკუთვნება: გრაფიკული დიზაინი, მთარგმნელობითი მომსახურება, კონსულტირება, პროექტების მენეჯმენტი და ა.შ. ონლაინ ციფრული სამუშაო პლატფორმის მაგალითებია: Upwork, Fiverr, Freelancer და ა.შ. მეორე ჯგუფი გულისხმობს შრომის ბაზარზე ციფრული სამუშაო პლატფორმის ისეთ შუამავლობას, როდესაც მომუშავემ სამუშაო (ამოცანა) ადგილზე უნდა შეასრულოს. ასეთ სამუშაოებს მიეკუთვნება: ტრანსპორტირების სერვისი (ტაქსი და სხვა); კურიერული მომსახურება და საკვების ადგილზე მიტანა; სახლის მოვლა; ადგილზე სწავლება და კონსულტირება და ა.შ.  მეორე ჯგუფის ციფრული სამუშაო პლატფორმის მაგალითებია: Deliveroo, Glovo, Uber და ა.შ.

თანამედროვე შრომის ბაზრებზე, მსოფლიოს მასშტაბით, ასეულობით დიდი და მცირე ციფრული პლატფორმა არსებობს. ისინი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდებიან დასაქმების თვალსაზრისით. ზოგიერთი მათგანი მილიონობით ადამიანსაც კი ასაქმებს მსოფლიოს მასშტაბით (მაგალითად Uber).

ციფრული სამუშაო პლატფორმები მოქნილ სამუშაო ადგილებს ქმნიან და ადამიანებს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობებს აძლევენ. თუმცა, ამასთან არსებობს რიგი პრობლემები, რომლებიც თან სდევს ციფრული სამუშაო პლატფორმების განვითარებას. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაში ხშირ შემთხვევაში არ არის მკაფიოდ განსაზღვრული ციფრული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში მომუშავეთა დასაქმების სტატუსი, ასევე, პრობლემატური საკითხია ციფრული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში მომუშავეთა სოციალური დაცულობა.

საქართველოში სტატისტიკური მონაცემები და კვლევები ციფრული სამუშაო პლატფორმების გავრცელების და განვითარების შესახებ, ჯერჯერობით, თითქმის არ არსებობს. თუმცა, საქართველოში ციფრული სამუშაო პლატფორმების შესახებ გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ევროპის ტრენინგების ფონდის (European Training Foundation, 2021)[19] მიერ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში შესრულებული კვლევა დასაქმების ახალი ფორმების შესახებ. კვლევის თანახმად, საქართველოში გავრცელებული ციფრული სამუშაო პლატფორმებია Glovo, Bolt, GG Taxi, Alo Modi,  Yandex Taxi. ამავე კვლევის თანახმად,  საქართველოს მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა რეგისტრირებული იყო ისეთ საერთაშორისო ონლაინ სამუშაო პლატფორმებზე, როგორიცაა Weblancer, Freelance, Upwork, Fiver, Guru და ა.შ.

ევროპის ტრენინგების ფონდის კვლევის მიხედვით, ასევე, ირკვევა, რომ საქართველოში ციფრული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში დასაქმებულები იმავე გამოწვევების წინაშე დგანან, როგორც სხვა ქვეყნებში ანალოგიური ფორმატით დასაქმებული ადამიანები. კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, დასაქმების სტატუსი და მომუშავეთა სოციალური დაცულობა ციფრული სამუშაო პლატფორმების მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ციფრული სამუშაო პლატფორმების მომხმარებელი სხვადასხვა კომპანიების ვებგვერდების ანალიზით შეიძლება დავასკვნათ, რომ გავრცელების თვალსაზრისით, ციფრული სამუშაო პლატფორმები არსებობს თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ დიდ ქალაქში. აღსანიშნავია, რომ COVID-19 პანდემიის პერიოდში, რიგი ციფრული სამუშაო პლატფორმები უფრო გააქტიურდნენ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში (მაგალითად საკვების მიწოდების სერვისები). შედეგად, მსგავსი პლატფორმების ფარგლებში დასაქმებულთა რიცხოვნობა, სავარაუდოდ, გაიზარდა.

ზუსტი ინფორმაციები ციფრული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში დასაქმებულთა შესახებ არ არსებობს. თუმცა, ცხადია, ჯერჯერობით ეს პლატფორმები მოსახლეობის დასაქმების და უმუშევრობის შემცირების თვალსაზრისით არსებით როლს ვერ თამაშობენ. 

დასკვნები და რეკომენდაციები 

საქართველოში შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა უმუშევრობის მაღალი დონის და არაეფექტიანი დასაქმების გათვალისწინებით, მოითხოვს არატრადიციული მიდგომების გამოყენებას შრომის ბაზრის კონიუნქტურის გასაუმჯობესებლად.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს უნივერსალური მიდგომა, რომელსაც შეუძლია პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა, აუცილებელია, გავაანალიზოთ შრომის საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესები, თანამედროვე ტექნოლოგიების ზეგავლენა შრომის ბაზარზე და გამოვავლინოთ შრომის ბაზრის განვითარების ის მიმართულებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ დასაქმების ახალი ფორმების განვითარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ციფრული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში დასაქმება უნდა განვიხილოთ, როგორც შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების ახალი ფორმა, რომელსაც, გარკვეულწილად, შეუძლია  შრომის ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესება.

ციფრული სამუშაო პლატფორმები განვითარების გარკვეულ პირობებს მოითხოვს, რაც, პირველ რიგში, სამუშაო ძალის შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამის მომზადებას უკავშირდება. შესაბამისად, სამუშაო ძალის მომზადებას საფუძვლად უნდა დაედოს საჭირო ცოდნა, უნარები და კვალიფიკაცია პლატფორმის ფარგლებში შეთავაზებული სამუშაოს (ამოცანის) შესასრულებლად.

ციფრული სამუშაო პლატფორმების როლი მოსახლეობის დასაქმებაში სამომავლოდ დამოკიდებული იქნება ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობაზე,  სამუშაო ძალის ინფორმაციული ტექნოლოგიური მიმართულებით მომზადების შესაძლებლობებზე, სამუშაო ძალის უცხო ენებში მომზადების დონეზე და ა.შ.

კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს ციფრული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში დასაქმებულთა სტატუსი, რაც შედარებით მოაწესრიგებს მათი სოციალური დაცულობის საკითხებს და გარკვეულწილად უზრუნველყოფს დასაქმების ახალი ფორმების შესახებ ინფორმაციების მიღების შესაძლებლობას. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბრეგვაძე, თ. (2013). უმაღლესიგანათლებისადამეცნიერებისსტრატეგიულიგანვითარებასაქართველოში. თბილისი: განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი.
  2. ლეჟავა დ., & ამაშუკელი მ. (2015). აკადემიური პროგრამების შედეგებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს შორის შესაბამისობის კვლევა სოციალურ მეცნიერებებში. თბილისი, სოციალური მეცნიერების ცენტრი.
  3. Choudary S.P.; The architecture of digital labour platforms: Policy recommendations on platform design for worker well-being. 2018. https://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/---dgreports/---cabinet/documents/publication/wcms_630603.pdf
  4. Chernykh E.A. Socio-demographic characteristics and quality of employment of platform workers in Russia and the world. Economic and Social Changes: Facts, Trends, Forecast, 2021, vol. 14, no. 2, pp. 172–187. DOI: 10.15838/esc.2021.2.74.11
  5. Farrell, D and Greig, F. 2016. “Paychecks, paydays, and the online platform economy: Big data on income volatility” JPMorgan Chase Institute.
  6. Howson, K., Johnston, H., Cole, M., Ferrari, F., Ustek-Spilda, F., & Graham, M. (2022). Unpaid labour and territorial extraction in digital value networks. Global Networks, 1–23. https://doi.org/10.1111/glob.12407
  7. Howson, K., Ferrari, F.,., Salem, N., Johnston, H., Katta, S., Heeks, R., & Graham, M. (2022). Driving the digital value network: Economic geographies of global platform capitalism. Global Networks, 22(4), 631–648. https://doi.org/10.1111/glob.12358
  8. Johnston, H., Ergun, O., Schor, J., & Chen, L. Is employment status compatible with the on-demand platform economy:Evidence froma natural experiment. Available at: https://cpb-us-w2.wpmucdn.com/sites.northeastern.edu/dist/2/204/ files/2022/02/Johnston-et.-al-2022-Employment-Status-and-Gig-Economy-1.pdf
  9. Kikutadze, V., Kvirkvaia, M., Daghelishvili, N. & Tavkhelidze, T. &. G. G., 2021. COOPERATION BETWEEN HIGHER EDUCATION INSTITUTIONS AND EMPLOYERS IN GEORGIA”. DOI: 10.36172/EKONOMISTI. “Ekonomisti”, Volume 2, pp. 74-98.
  10. Kvirkvaia, M., 2016. “Analysis of employment and unemployment in municipalities of Georgia”. https://eujournal.org/index.php/esj/article/view/6833. European Scientific Journal, ESJ, Volume 2, pp. 159-170.
  11. Vallas, Steven, and Juliet B Schor. (2020) ‘What Do Platforms Do? Understanding the Gig Economy’, Annual Review of Sociology, 46, 273-294.
  12. Tsartsidze .2018. UNEMPLOYMENT AND THE EFFECTIVE EMPLOYMENT PROBLEMS IN GEORGIA UNDER THE MODERN GLOBALIZATION TERMS. Journal of International Economic Research, 4 (1). Pp. 89-95. ISSN 2500-9656.
  13. European Commission, Directorate-General for Employment, Social Affairs and Inclusion, (2021) Digital labour platforms in the EU : mapping and business models : final report. Publications Office. https://data.europa.eu/doi/10.2767/224624
  14. Eurofound (2015), (Authors: Mandl, I., Curtarelli, M., Riso, S., Vargas, O., Gerogiannis, E.) New forms of employment, Publications Office of the European Union, Luxembourg
  15. Eurofound (2018), Automation, digitization and platforms: Implications for work and employment, Publications Office of the European Union, Luxembourg.
  16. ETF, 2021. European Training Foundation. „THE FUTURE OF WORK. New forms of employment in the Eastern Partnership countries: Platform work. https://www.etf.europa.eu/en/publications-and-resources/publications/future-work-new-forms-employment-eastern-partnership, Turin: ETF.
  17. International Labour Organization. “World Employment Social Outlook 2021: The Role of Digital Labour Platforms in Transforming the World of Work.” Ilo.org, 2021. https://ilo.org/ infostories/Campaigns/WESO/World-Employment-Social-Outlook-Report-2021#platform- work/gigs.
  18. World Economic Forum. 2020. The Promise of Platform Work: Understanding the Ecosystem. https://www.weforum.org/whitepapers/the-promise-of-platform-work-understanding-the-ecosystem/


[1] https://www.geostat.ge

[2] ახალი მიდგომით თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად (50%-ზე მეტი) საკუთარი მოხმარებისათვის. აღნიშნული სტატუსის მქონე პირები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად.

[3] უმუშევრობის დონე - უმუშევართა პროცენტული წილი შესაბამისი ასაკის ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში.

[4] უმუშევარი – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოსაკვლევი პერიოდის (გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღე) განმავლობაში არ იყო დასაქმებული, გასული 4 კვირის განმავლობაში აქტიურად ეძებდა სამუშაოს და პოვნის შემთხვევაში მზად იყო მუშაობის დასაწყებად უახლოესი 2 კვირის განმავლობაში.

[5] https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

[6] 2022(III) USD/GEL (Period average)= 2.8235

[7] International Labour Organization. “World Employment Social Outlook 2021: The Role of Digital Labour Platforms in Transforming the World of Work.” Ilo.org, 2021. https://ilo.org/ infostories/Campaigns/WESO/World-Employment-Social-Outlook-Report-2021#platform- work/gigs.

[8] ETF, 2021. European Training Foundation. „THE FUTURE OF WORK. New forms of employment in the Eastern Partnership countries: Platform work. https://www.etf.europa.eu/en/publications-and-resources/publications/future-work-new-forms-employment-eastern-partnership, Turin: ETF.

[9] World Economic Forum. 2020. The Promise of Platform Work: Understanding the Ecosystem. https://www.weforum.org/whitepapers/the-promise-of-platform-work-understanding-the-ecosystem/

[10] Eurofound (2018), Automation, digitization and platforms: Implications for work and employment, Publications Office of the European Union, Luxembourg.

[11] European Commission, Directorate-General for Employment, Social Affairs and Inclusion, (2021) Digital labour platforms in the EU : mapping and business models : final report. Publications Office. https://data.europa.eu/doi/10.2767/224624

[12] Johnston, H., Ergun, O., Schor, J., & Chen, L. Is employment status compatible with the on-demand platform economy:Evidence froma natural experiment. Available at: https://cpb-us-w2.wpmucdn.com/sites.northeastern.edu/dist/2/204/ files/2022/02/Johnston-et.-al-2022-Employment-Status-and-Gig-Economy-1.pdf

[13] Vallas, Steven, and Juliet B Schor. (2020) ‘What Do Platforms Do? Understanding the Gig Economy’, Annual Review of Sociology, 46, 273-294.

[14] Howson, K., Johnston, H., Cole, M., Ferrari, F., Ustek-Spilda, F., & Graham, M. (2022). Unpaid labour and territorial extraction in digital value networks. Global Networks, 1–23. https://doi.org/10.1111/glob.12407

[15] Farrell, D and Greig, F. 2016. “Paychecks, paydays, and the online platform economy: Big data on income volatility” JPMorgan Chase Institute.

[16] Choudary S.P.; The architecture of digital labour platforms: Policy recommendations on platform design for worker well-being. 2018. https://www.ilo.org/wcmsp5/ groups/public/---dgreports/---cabinet/documents/publication/wcms_630603.pdf

[17] Chernykh E.A. Socio-demographic characteristics and quality of employment of platform workers in Russia and the world. Economic and Social Changes: Facts, Trends, Forecast, 2021, vol. 14, no. 2, pp. 172–187. DOI: 10.15838/esc.2021.2.74.11

[18] Eurofound (2015), (Authors: Mandl, I., Curtarelli, M., Riso, S., Vargas, O., Gerogiannis, E.) New forms of employment, Publications Office of the European Union, Luxembourg 

[19] ETF, 2021. European Training Foundation. „THE FUTURE OF WORK. New forms of employment in the Eastern Partnership countries: Platform work. https://www.etf.europa.eu/en/publications-and-resources/publications/future-work-new-forms-employment-eastern-partnership, Turin: ETF.